შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. #16-ში მდებარე შენობა თბილისის არტისტული წრისთვის -,,კრუჟოკი“, 1916 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით აშენდა. 1918 წლიდან ნაგებობის სარდაფში გამართული იყო კაფე ,,არგონავტთა ნავი’’, რომელიც მხატვრებმა. კირილ ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აქ განთავსებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლი - კინოდარბაზით.  შენობა ევროპული ნეოკლასიციზმის ნიმუშია, სადაც გამოყენებულია რენესანსისა და ბაროკოს სტილისათვის დამახასიათებელი ნიშნები; მნიშვნელოვანია როგორც საერთო საფასადო კომპოზიცია ასევე ინტერიერი. ცნობილია რომ ფასადის დეკორატიულ შემკულობაზე მოქანდაკეები ი. ნიკოლაძე და დ. გიგაური მუშაობდნენ. დღემდე, შენობის ინტერიერში  ავთენტური სახით შემორჩენილია დეკორირებული ცენტრალური დარბაზი. სამწუხაროდ, შენობის სარდაფში არსებული სრულიად უნიკალური მოხატულობა რამდენიმე წლის წინ ვანდალურად განადგურდა.