შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

შ. რუსთაველის გამზ.#1-ში მდებარე ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა 1939 წელს არქიტექტორების ს. ყუბანეიშვილის, ა. ქურდიანისა და მ. მელიას პროექტით. “სტალინური არქიტექტურის” ფსევდოკლასიცისტური სტილის მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა მთელ კვარტალს მოიცავს და თავისი მონუმენტური ფორმებით, მოცულობითა და მხატვრულ-არქიტექტურული სახით მკაფიო აქცენტს ქმნის არსებულ განაშენიანებაში და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ხასიათს. შენობის პირველი სართული უჭირავს მსხვილად რუსტირებულ ცოკოლს, რომელსაც ზედა სართულების სარკმლებისა და აივნების ინტენსიური რიგები აგრძელებს კლასიცისტური ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი დეკორის მოტივებითა და ღია მოოქროსფერო ტონის რუსტირებული ფასადით. შენობას მთელ პერიმეტრზე გასდევს მსუბუქი ატიკის სართული ძირითადი მასიდან გამოყოფილი მძლავრი ლავგარდანით. ნაგებობის გამზირისკენ მაყურებელი კუთხე დიდ ოვალს შემოწერს, რომელიც გიგანტური ორდერის სვეტნარითა და ღია აივნებითაა გაფორმებული. ქუჩათა კვეთაზე მდგარი შენობა, რომელიც ყველა მხრიდან თანაბრად მოიხილვება, მნიშვნელოვან ქალაქგეგმარებით როლს თამაშობს.